ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით უკვე ათი წელია წარმატებით ახორციელებს საზაფხულო სკოლას „სამხრეთ კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. სკოლის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მისი კულტურა, პოლიტიკური მოვლენები და ხელი შეუწყოს რეგიონის მეცნიერული კვლევის პოპულარიზაციას.
ათი წლის მანძილზე სკოლამ 200-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და სხვა ევროპული უნივერსიტეტებიდან. მოხალისეების სახით სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი სტუდენტები. სხვადასხვა წლებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე, ლევან ცაგარელი, ქეთევან გურჩიანი; სემინარებს ასევე უძღვებოდნენ გერმანელი ექსპერტები დოქტორები: უვე ჰალბახი (ბერლინი), ოტო ლუხტერჰანტი (ჰამბურგი), იორგ შტადელბაუერი (ფრაიბურგი), ფლორიან მიულფრიდი (იენა,თბილისი).
სკოლის ფარგლებში ლექცია წაიკითხა არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მათ შორის: გია ნოდიამ, გიგა ზედანიამ, დავით აფრასიძემ, დავით თარხნიშვილმა, ნინო დობორჯგინიძემ, ნინო ჯავახიშვილმა, ოლივერ რაისნერმა, ტიმოტი ბლოველტმა, ლაილა ალიევამ, ჰანს გუთბორდმა, ქეთევან გურჩიანმა, თამარ ცოფურაშვილმა, თამარ ცხადაძემ, ნუგზარ ზაზანაშვილმა, სოფო ზვიადაძემ, ანა კორძაია-სამადაშვილმა, ირინა პოპიაშვილმა, ანა მაყაშვილმა, რეზო კიკნაძემ, სტივენ ჯონსმა, გიორგი გვალიამ, ლევან ცაგარელმა, ლევონ აბრაჰამიანმა, ჰამლეტ მელკუმიანმა, იულია ანტონიანმა, ედიტა ბადასიანმა, კაროლინ სუტკლიფმა და სხვ.
სკოლის მონაწილეებისთვის ეწყობოდა შეხვედრები საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან, ესენია: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, CRRC, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, კავკასიური სახლი და სხვ. კულტურული პროგრამის ფარგლებში სკოლის მონაწილეები ხვდებოდნენ მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, კინორეჟისორებს: ნინო ნანეიშვილს, თინათინ გურჩიანს, არჩილ ქიქოძეს, ნათელა გრიგალაშვილს. საზაფხულო სკოლა საქართველოს ბუნებისა და კულტურული ასპექტების გასაცნობად მონაწილეებს ასევე სთავაზობდა ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – კახეთში, გორში, ყაზბეგში, მცხეთაში, უფლისციხეში, აბასთუმანში, ბორჯომში და სხვ.
სკოლას ტრადიციულად სტუმრობდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
საზაფხულო სკოლა მადლობას უხდის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს DAAD თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, პირადად ქალბატონ ინნა რეხტმანს და ბატონ გებჰარდ როილს, ასევე თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას სკოლაში ჩართულობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD მხარდაჭერით საზაფხულო სკოლა გაიმართება მეთორმეტედ. სკოლის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი.